воскресенье, 8 апреля 2012 г.

ღვთისკაცის ნაკვალევზე

რეზო თაბუკაშვილის კინომოთხრობა "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის" შესწავლის შემდეგ, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე–9ბ კლასის მოსწავლეებმა საგნის მასწავლებელ ნანი ცივაძესთან ერთად გადავწყვიტეთ,ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელ ლიხაურს ვწვეოდით და მოვფერებოდით იმ მადლიან მიწას, სადაც ამ ღვთისკაცმა აიდგა ფეხი...
ჩვენ ლიხაურში ვართ... გვიანი შემოდგომა უკანასკნელ დღეებს ითვლის... ცად აზიდული გოლიათი მთები დარაჯებივით დგანან და ამაყად გადაჰყურებენ სოფელს, რომლის ცენტრსაც მე–20 საუკუნის 80–იან წლებში აგებული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი ამშვენებს. აქვეა თანასოფლელთა მიერ თაყაიშვილების მიწაზე ახლად აგებული სახლ–მუზეუმი (ცნობისთვის, იგი რამდენიმე დღის წინ მოინახულა და აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ), რომელსაც გიდიც არა ჰყავს, მაგრამ მთელი სოფელია ჩვენი მეგზური.
ნანი მასწავლებელმა აქვე ჩაგვიტარა შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
ხოლო ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები, რითაც იქ მყოფთა მოწონება დავიმსახურეთ.მასპინძლებმაც არ დაიზარეს და თავისმხრივ ბევრ რამეზე გვიამბეს ბატონი ექვთიმეს ცხოვრების შესახებ. ამ სოფელში ყველა სუფრაზე სამი სადღეგრძელო ისმევა თურმე:
უფლის, პატრიარქისა და ექვთიმე ღვთისკაცის.... ისიც გაგვიმხილეს, რომ აჭის წმინდა გიორგის
ტაძარში, ექვთიმე ღვთისკაცის ხატი მირონმდინარეაო და....
ჩვენც ლიხაურიდან აჭის წმინდა გიორგის ტაძარს ვეწვიეთ. იგი VII-VIII საუკუნეების ძეგლია...
როგორც ტაძრის იღუმენმა, დედა ალექსანდრმა გვიამბო, ტაძარში მუდმივად ვხედავთ უფლის სასწაულს. ფაქტიურად, ყველა ხატი მირონმდინარეა, ხოლო უფლის ჯვარცმას მარჯვენა მხარეს სისხლის კვალი აქვს... ეს ერთგვარი გაფრთხილებაა, ნიშანია იმისა, რომ გონს მოვეგოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, ვილოცოთ ჩვენი სულებისა და ქვეყნის გადარჩენისათვის.


Комментариев нет:

Отправить комментарий